ყველაზე მოთხოვნადი სატვირთო მანქანები
იმისთვის რომ გავიგოთ როგორი ტიპის სატრანსპორტო საშუალებები არსებობს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის შემთხვევაში, პირველი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის თუ რისგან შედგება სატვირთო ავტომობილი. მარტივად რომ ვთქვათ სატვირთო ტრაილერი შედგება ორი ნაწილისგან: გამწევისგან და მისაბმელისგან ლოგისტიკაში მისაბმელის განსხვავებული ზომები და შესაძლებლობები განსაზღვრავს სახმელეთო ტრანსპორტის ტიპს. ანუ, გამწევი შეიძლება იყოს ერთი და იგივე, მაგრამ მისაბმელი იყოს განსხვავებული და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალება იქნება განკუთვნილი კონკრეტული ტიპის გადაზიდვებისათვის.
ძირითადად გამოყოფენ შემდეგი კატეგორიის მისაბმელებს:
-
ტენტ ტრაილერი - აქ არსებობს სამი ზომა
- სტანდარტული - რომლის მოცულობაც არ აღემატება 95 კბმ-მდე
- მეგა - ამ მისაბმელის მოცულობა შეადგენს 96 კბმ-დან 105 კბმ-მდე
- მისაბმელიანი - რომელიც ძირითადად გვხვდება 110 კბმ და 120 კბმ-მდე მოცულობის
- რეფ ტრაილერი - იგივე მაცივარი
- ღია ტრაილერი - იგივე პლატფორმა/კონტეინერმზიდი
მაცივარ მანქანა (რეფ ტრაილერი)
რა არის რეფ ტრაილერი?
რეფი (Reefer), იგივე მაცივარ მანქანა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი მისაბმელი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვისას. რეფი საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ტემპერატურული რეჟიმის საჭიროების მქონე ტვირთების ტრანსპორტირება (-25 დან +25 გრადუსამდე). ასეთი ტიპის შეიძლება იყოს, როგორც საკვები პროდუქცია, ასევე მედიკამენტები და სხვა მსგავსი პროდუქტები.
რეფ ტრაილერი შეიძლება იყოს რამდენიმე განყოფილებიანი. რაც იმას ნიშნავს რომ ერთ მისაბმელს შეიძლება ქონდეს 2 ან მეტი დანაყოფი და შეეძლოს ერთდროულად სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა. მაგალითად როცა ერთდროულად ხდება ნაყინის და ვთქვათ ყველის ტრანსპორტირება საჭიროა ორი სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი, კერძოდ ნაყინს სჭირდება -18 ან უფრო დაბალი ტემპერატურა, მაშინ როცა ყველის ტრანსპორტირება ხდება +2/+4 გრადუს ტემპერატურაზე.
ასევე, უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყველა რეფ მისაბმელს აქვს ტემპერატურული რეჟიმის აღმრიცხველი სისტემა. შესაბამისად, თქვენ, როგორც ტვირთის მფლობელს, უფლება გაქვთ მიიღოთ თქვენი ტვირთის ტრანსპორტირების დროს სრული პერიოდის განმავლობაში ტემპერატურული რეჟიმის ჩანაწერი. ამით დარწმუნდებით რომ მოთხოვნილი რეჟიმი დაცული იყო. რეფ მისაბმელში როგორც წესი შესაძლებელია მაქსიმუმ 20 ტონა ტვირთის დატვირთვა.
ტენტ ტრაილერი
რა არის ტენტი ?
ტენტ ტრაილერს აქვს ტენტით დაფარული მისაბმელი. ტენტიანი მისაბმელის ზომები განსხვავებულია ასეთი ტრაილერი შეიძლება იყოს როგორც სტანდარტული ზომის, ისე ე.წ. მეგა და 120 კბმ-მდე. ტენტ მანქანას ძირითადად იყენებენ სტანდარტული ტვირთებისთვის, რომელსაც ლოგისტიკაში ვიცნობთ „General Cargo“-ს სახელით. ტენტიანი მისაბმელის საჭიროება გამომდინარეობს მისი მოქნილობიდან და მოსახერხებლობიდან; დატვირთვა/დაცლის მეთოდიდან, რომელიც იძლევა დატვირთვის შესაძლებლობას როგორც უკანა კარიდან, ისე გვერდიდან და ზემოდან ამწის მეშვეობით.
ტენტი მისაბმელში როგორც წესი შესაძლებელია მაქსიმუმ 22 ტონა (კონკრეტული ქვეყნების შემთხვევაში 25 ტონამდეც) ტვირთის დატვირთვა. ქვემოთ ჩამოთვლილია სამივე ზომის ტენტ მისაბმელის მახასიათებლები. განსხვავება არის მხოლოდ მათ ზომებში.
მეგა ტრაილერი
რა არის მეგა ტრაილერი?
მეგა ტრაილერი განეკუთვნება ტენტის კატეგორიას, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ჯუმბოსაც. აქვს ტენტისგან აგებული მოძრავი კედლები რაც აადვილებს მის დატვირთვას, ან დაცლას. მეგა ტრაილერების უმეტესობას აქვს 3მ სიმაღლე და მოცულობითია ბევრად ვიდრე სტანდარტული ტრაილერი. მისი ზომები შეადგენს 96-105 კბმ-ს.